არიან ადამიანები - სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრნი - რომლებიც ხშირად განიცდიან შიშისა და შფოთვის აუხსნელ, მტანჯველ გრძნობას.

ეს პანიკის შეტევაა, რომელიც, როგორც წესი, მძიმე სტრესების სერიების შემდეგ იწყება. კარგი ამბავი კი ისაა, რომ მასთან გამკლავება შესაძლებელია. ამისათვის საკუთარ თავზე წამუშავებაა საჭირო.

რა არის პანიკის შეტევა?
არსებობს თეორია, რომ პანიკის შეტევა უძველესი ადამიანებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით. მათი ორგანიზმი მტაცებელთან შეხვედრისას ან ბუნებრივი საფრთხის წინაშე აღმოჩენისას თავისებურად ემზადებოდა, რათა ან გაქცეულიყო და ან თავდასხმას გამკლავებოდა: უხშირდებოდა სუნთქვა, უჩქარდებოდა რეფლექსები, გამოეყოფოდა დიდი რაოდენობით ოფლი. ეს ყველაფერი გადარჩენის მექანიზმი იყო. ახლა კი მსგავსი რეაქცია გვაქვს ნებისმიერ სტრესზე - მაშინაც კი, როცა ჩვენს სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.




პანიკის შეტევის ნიშნებია:
  • ტაქიკარდია, ანუ გულის შეკუმშვათა გახშირება
  • ჰიპერგიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა
  • ჟრჯოლა სხეულში, კუნთების კანკალი
  • მოვლენითი წამოხურება
  • ტრემორი, ანუ მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალი
  • სუნთქვის გართულება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება
  • ასფიქსია
  • ტკივილები გულ-მკერდის მარცხენა ნაწილში
  • მუცლის ტკივილი
  • დიარეა ან ფაღარათი
  • გულისრევის შეგრძნება
  • ხშირი შარდვა
  • ყელში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება
  • კიდურების გახევების შეგრძნება
  • სიარულის გართულება
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლისწინა მდგომარეობა
  • მაღალი არტერიული წნევა.
გარდა ამისა, პანიკის შეტევას ხშირად თან ახლავს ფსიქოლოგიური დისკომფორტი და ქცევითი დარღვევები:
დეპერსონალიზაცია, ანუ როდესაც პიროვნება კარგავს „მე-ს“ აღქმის უნარს და საკუთარისხეულსა თუ განცდებს უცხოდ აღიქვამს;
  • ჭკუიდან შეშლილობის, შიზოფრენიის, საკუთარ ქცევებზე კონტროლის დაკარგვის აკვიატებული შიში;
  • ტანატიფობია, ანუ სიკვდილის შიში;
  • უძილობა ან წყვეტილი ძილი, კოშმარები.
რა მოვუხერხოთ პანიკის შეტევას?
არ იღელვოთ! ასეთი შეტევებისას არანაირი რეალური საფრთხე არ გემუქრებათ. სინამდვილეში პროცესი თავადვე შეგიძლიათ გააკონტროლოთ. 
ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგები გირჩევენ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სტრესისთვის თავის არიდებას ვერ ახერხებთ და შესაბამისად, პანიკის შეტევა გეწყებათ.
მედიკამენტოზური თუ ფსიქოთერაპიული მკურნალობის გარდა, ადამიანს თვითონაც შეუძლია დაეხმაროს საკუთარ თავს პანიკის შეტევების შეჩერებაში.  რისთვისაც რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.


ნაბიჯი 1: 
გაეცნოს პანიკის შეტევის თაობაზე ინფორმაციას ავტორიტეტული წყაროებიდან. შედეგად, აღმოაჩენს, რომ ადამიანების უმრავლესობას პანიკის შეტევის ერთნაირი სიმპტომები აქვთ, რომ ეს არ არის არანაირი ფსიქიკური აშლილობა და რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია სრულად ალაგდეს. ანუ გახდება მეტად თავდაჯერებული. 

ნაბიჯი 2.
თავი დაანებოს სიგარეტსა და ალკოჰოლს, მინიმუმამდე დაიყვანოს კოფეინის შემცველი სასმელებისა თუ პროდუქტის მიღება, სიფრთხილით მოეკიდოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებას.

ნაბიჯი 3.
შეისწავლოს სუნთქვის სპეციალურად შემუშავებული ტექნიკა და მოდუნების მეთოდიკა, რაც პანიკის შეტევების სიმპტომებს ამცირებს.

ნაბიჯი 4.
დაიცვას რეჟიმი. თავი აარიდოს ფიზიკურ თუ გონებრივ გადაღლილობას. არ მოიკლოს ღამის ძილი.

პანიკის შეტევის შეჩერება შესაძლებელია მედიკამენტების გარეშეც.
შეტევისას მთავარია გაიაზროთ, რომ მისი შეჩერება დიდწილად თავად თქვენზეა დამოკიდებული და შეეცადოთ, დამშვიდდეთ.
ამისათვის:
  • შეისხით სახეზე, ყელსა და ხელებზე ცივი წყალი;
  • გახსენით ერთ ჭიქა ცივ წყალში ორი ჩაის კოვზი შაქარი და დალიეთ;
  • დაჯექით მოხერხებულად;
  • ათჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნებისმიერ „ჭუჭელში“, იქნება ეს პარკი, პლასტმასის ბოთლი თუ ერთმანეთთან პეშვად მიტყუპებული ხელისგულები.  
  • შეეცადეთ გაიღიმოთ ან უბრალოდ მიაღებინოთ სახეს გაღიმებული გამომეტყველება;
  • ხმამაღლა ან გულში წარმოთქვით წინასწარ მომზადებული დადებითი ტექსტი, ან სულაც ლოცვა;
  • შეეცადეთ ყურადღება შინაგანი შეგრძნებებიდან გარე ობიექტებზე გადაიტანოთ და მათზე იფიქროთ.

გახსოვდეთ! პანიკის შეტევას, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ის, არავითარ შემთხვევაში არ მოსდევს ლეტალური შედეგი, ანუ სიკვდილი. ეს შეუძლებელია!

წყარო: www.sputnik-georgia.com