"ყველაფერი რაღაცას გვასწავლის."

 
ყველა ადამიანი ვინც კი ცხოვრებაში გვხვდება, ჩვენი მასწავლებელია. ყველა მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, რაღაცას გვასწავლის. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითობა გამორიცხულია. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ყველა ადამიანი თუ მოვლენა შეიძლება კარგ მასწავლებლად იქცეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მზად ვართ, ახლისა და საინტერესოს შესწავლისათვის.
 
ცხადია ზოგი „მასწავლებელი“ თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველია, ზოგიც - მკაცრი და სასტიკი, მაგრამ ყველას შეუძლია, რაღაც გვასწავლოს. როგორც უკვე ვთქვით, შემთხვევითობა არ არსებობს. თუ მოვლენათა გრძელ ჯაჭვში კანონზომიერებას ვერ ვხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.
 
ადამიანი, რომელიც ყოველ დღე რაღაც ახალს ისწავლის, სწორ და ჯანსაღ დასკვნას გამოიტანს, რატომ დადგა მის ცხოვრებაში მოცემული რეალობა.
 
დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას - ის ყველაზე განსწავლული, ყველაზე ბრძენი და რაც მთავარია, უანგარო მასწავლებელია. იყავით მომთმენნი ადამიანების მიმართ და თუ შემთხვევით ვიღაც ფეხზე დაგაბიჯებთ, მყისვე ნუ გამოლანძღავთ ან საპასუხოდ ნუ დააბიჯებთ. ხშირად დასვით კითხვა: - რის თქმას ცდილობს ცხოვრება ჩემთვის?
 
გახსოვდეთ, თუ გაკვეთილებს არ მოამზადებთ, არა მხოლოდ დაბალ ნიშნებს მიიღებთ, არამედ შესაძლოა დაისაჯოთ კიდეც. ცხოვრება მაღალ ნიშნებს „ლამაზი თვალებისათვის არ წერს. გახსოვდეთ აღმოსავლური სიბრძნე: „როდესაც მოსწავლე მზად არის, მასწავლებელი მაშინ მოდის“.
 
თუ მზად ხართ, მაშინ ცხოვრებაში მასწავლებელს, ხოლო „უდიდეს პრობლემებში“ ცხოვრებისგან სპეციალურად თქვენთვის ჩატარებულ გაკვეთილებს იოლად იპოვით. ისწავლეთ ცხოვრებისაგან და გახდებით ყველაზე დიდი მასწავლებლის - ცხოვრების - წარმატებული მოსწავლე.