თანამედროვე ადამიანისთვის დროის დეფიციტი თითქმის ყოველდღიური თავისტკივილია. ცხოვრების დღევანდელი რიტმიდან გამომდინარე ადამიანები ხშირად სწორად ვერ საზღვრავენ პრიორიტეტებს და ამის გამო დაუმთავრებელი რჩებათ გარკვეული, მათთვის მნიშვნელოვანი ქმედებების შესრულება.  

როგორ მართოთ დრო ეფექტურად, როგორ გახდეთ უფრო პროდუქტიული და როგორ შეასრულოთ საქმე სრულყოფილად მინიმალურ ვადაში – "დროის მეფედ" აღიარებული დევიდ ალენი თბილისში, სასტუმრო "ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგში" 350-კაციანი აუდიტორიის წინაშე წარდგა.

მასტერკლასის ფარგლებში მოეწყო დევიდ ალენის ქართულ ენაზე ნათარგმნი ბესტსელერის "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" პრეზენტაცია, რომელიც გამომცემლობა პალიტრა l-მა პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში თარგმნა.

ბპნ-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში "დროის მეფე" "საქმესთან გამკლავების ხელოვნებაზე" საუბრობს.

- მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნის წაკითხვის საშუალება ქართველ მკითხველს ახლა უკვე მშობლიურ ენაზე შეეძლება. საქართველო დიდებული ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, ამ მეთოდოლოგიის გამოყენებას ადვილად შეძლებენ პრაქტიკაში. ასე რომ, ყველას ვულოცავ "საქმესთან გამკლავების ხელოვნების" ქართულ ენაზე თარგმნას.

- რას ურჩევდით ქართველ მკითხველს?

- პირველ რიგში, ვურჩევდი წიგნის წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ყოველდღიური სახელმძღვანელოსი. ჩემი, როგორც ამ წიგნის ავტორის, მთავარი მიზანი არის, რომ "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" გახდეს თქვენი ყოველდღიური გზამკვლევი წარმატებისკენ, საკუთარი ქმედებების გაუმჯობესებისა და შემდგომი ნაბიჯებისკენ.

- დღეს ადამიანები ინფორმაციულად გადატვირთულ გარემოში ცხოვრობენ. როგორ უნდა მოახერხოს თანამედროვე ადამიანმა ზედმეტი "ნაგვისგან" გათავისუფლება და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა?

- როდესაც თქვენი გონება სუფთაა უსარგებლო ინფორმაციისგან, მით უფრო თავისუფალია თქვენი "მოკლევადიანი" გონება ყველანაირი სისულელისგან, რომელიც ხელს გიშლით დღის განმავლობაში უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებისგან. ადამიანებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიმართონ საკუთარი ძალისხმევისკენ. პრიორიტეტები ზემოდან ქვემოთ განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზნები და ფასეულობები სამოქმედო კონცეფციის თქვენეულ ხედვას უფრო სრულქმნილს გახდის და მის რეალიზებაში დაგეხმარებათ.

- თქვენ მკითხველს ასევე სთავაზობთ "ორი წუთის წესს". როგორია თქვენი ორი წუთის წესი?

- დიახ, მე მაქვს ორი წუთის წესი, რაც მდგომარეობს შემდეგში: თუ განსაზღვრავთ, რომ მოქმედება შეიძლება ორ წუთში შეასრულოთ, თქვენ ნამდვილად შეძლებთ ამის გაკეთებას მაშინვე, რადგან შემდგომში შესაძლოა მის ორგანიზებასა და ხელახლა დაგეგმვას უფრო მეტი დრო მოანდომოთ. თუ თავს აარიდებთ კითხვას – ამის მერე რა გავაკეთო, ბევრი ორი წუთი გექნებათ. უამრავი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია გამოთავისუფლებული დროის მცირე მონაკვეთში და იმ დროს, როცა ძალიან დაღლილები ვართ. მაგალითად, რამდენიმეწუთიანი სატელეფონო საუბარი დავასრულე და ორიოდ წუთში კიდევ ერთ ზარს ველოდები. ამასობაში შემიძლია თუნდაც ჩემი ელექტრონული ფოსტა გავასუფთაო სპამისგან ან ფაილები გადავახარისხო.

- სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს მიზნების მიღწევას. რამდენად მნიშვნელოვანია მოკლევადიანი მიზნების დასახვა?

- ვფიქრობ, ბევრ ადამიანს არ ესმის, რამდენად რთულია ჩვევების და ქცევის შეცვლა. ჩვენ ჩვევებზე დამოკიდებულები ვართ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ხშირად ავტომატურად ვმოქმდებთ. ამიტომ მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვევებისა და ჩვენი ავტომატურობის შეცვლა. ბევრი კვლევა არსებობს იმაზე, რომ გრძელვადიანი მიზნები ადამიანებს მოტივაციას უკარგავს, რადგან გრძელვადიანი მიზნების შემთხვევაში ჩვენ საკუთარ თავს ვამხნევებთ: წინ კიდევ მთელი წელი მაქვს. დღეს შემიძლია არაფერი გავაკეთო, ამიტომ ენერგია და სურვილი იკარგება.

- რა არის ის ხუთი ნაბიჯი, რაც უნდა გამოვიყენოთ საქმესთან გამკლავებისთვის?

 

- თავი მოუყარეთ ყველაფერს, რაც თქვენს ყურადღებას იქცევს და დამატებით საქაღალდეებში შეინახეთ, დაამუშავეთ და შეისწავლეთ მათი არსი. თუ პრაქტიკაში ვერ გამოიყენებთ და ვერ განავითარებთ, მაშინ გათავისუფლდით მისგან. დანიშნულებისამებრ გადაანაწილეთ მოძიებული ინფორმაცია და დააჯგუფეთ კატეგორიებად. ყოველდღიურად გადახედეთ სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებების სიას და კალენდარს. ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეთ მას შემდეგ, როცა განსაზღვრავთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. ენდეთ თქვენს ინტუიციას მომენტალური გადაწყვეტილებების მიღებისას.

წყარო: www.bpn.ge/