ბლიცინტერვიუს სტუმარია ფსიოქოლოგი, იმიჯმეიქერი, ქალური პრაქტიკების ტრენერი, პერსონალური მწვრთნელი (ქოუჩი) ინგა ბლესსი.

1. მე ვარ... ქალი, პირველ რიგში, დედა, ფსიქოლოგი, შვილი, მეგობარი..

2. ცხოვრება... არის გამოცდილება, ერთი დიდი გაკვეთილი, რომელიც საინტერესოდ უნდა გავიაროთ, რომ სიკვდილის წინ არ ვინანოთ, უაზროდ განვლილ დროზე და გამოუყენებელ შესაძლებლობებზე;

3. ჩემი თილისმა... არაფერი განსაკუთრებული, მე თვითონ ვარ ჩემი თავის თილისმა

4. როცა ცუდ განწობაზე ვარ...  ეს იშვიათად ხდება... როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ, ჩემს თავს ვეუბნები, თუ გინდა იყო ცუდ განწყობაზე, იყავი, შენი ნებაა, ინგა, მაგრამ რას გაძლევს ეს? შესაბამისად, ვირჩევ, რომ ვიყო კარგ განწყობაზე, ვაკავებ ჩემს გონებას საინტერესო რამით, თუნდაც ჩემი სამუშაო, რომელიც ძალიან საინტერესოა... კარგი მუსიკა - რაჭული, აჭარული რომ ჩავრთო, ცუდი განწყობა მალევე ქრება. შემიძლია ვთქვა, განწყობას ადვილად ვუმკლავდები

5. ენერგიით მავსებს... ბუნება, ენერგეტიკული პრაქტიკები, ეკლესია... მცხეთაში ვცხოვრობ და სვეტიცხოველში მისვლა ძალიან მიყვარს... ენერგიით მავსებს ყველაფერი ის, რაც, ალბათ, ყოველი ადამიანისთვის ენერგიის წყაროა - წყალი, საკვები, ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი ძაღლები, ბაღირომელსაც ვრწყავ ხოლმე და, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ადამიანები და პროფესია.

6. მარცხი, წარმატება... მარცხი და წარმატება ერთი მონეტის სხვადასხვა მხარეა, ერთი ჯოხის ორი ბოლოა, ერთი მეორეს მისდევს, წარმოუდგენელია, ყოველთვის წარუმატებელი იყო, თუკი, რა თქმა უნდა, ცოტა გონება გიჭრის და ძალისხმევას არ იშურებ. შესაბამისად, სრულიად მშვიდად და ადეკვატურად უნდა შეხვდეთ წარმატებასაც და მარცხსაც. მარცხი არის საშუალება, რომ გაუმჯობესდეთ, დავფიქრდეთ - რა გავაკეთეთ არასწორად, ყოველთვის გვაქვს შანსი, რომ გამოვასწოროთ, ახლებურად გაკეთება ვცადოთ და საბოლოოდ, მივიღოთ წარმატებული შედეგი;

7. ტრადიცია... ზოგადად ტრადიცია შეიძლება ითქვას, გვეხმარება, ერთგვარი არხია, გზა, მაგრამ ყოველთვის არსებობს საშუალება, არხიდან გადაუხვიო, ამიტომ არც თუ ისე წინააღმდეგი ვარ ტრადიციების. ტრადიცია, რომელიც არ მომწონს, პატრიარქალური აზროვნებაა და ქალზე დადებული ჩარჩოები და შეზღუდვები.

8. ქალს ალამაზებს... სიყვარული და თავდაჯერებულობა

9. 21-ე საუკუნე ისტორიაში დარჩება... როგორც დროის აჩქარების საუკუნე, აქამდე ნელა, მდორედ მიედინებოდა დრო, ახლა ასწრაფდა

10. უკვე მივეჩვიე... სტერეოტიპების ნგრევას და გამოწვევების მიღებას

11. ღმერთის ჩემეული აღქმა... საკმაოდ დიდი თემაა, გამიჭირდება ერთი-ორი სიტყვით გადმოვცე, არათუ მჯერა არამედ, ვიცი, ღმერთი არსებობს და გვეხმარება, მთავარია, ჩვენ არ შევუშალოთ ხელი;

12. ბედისწერა... რთული თემაა, ერთი მხრივ, თითქოს დაწერილია, მეორე მხრივ, ჩვენ ვწერთ. დაწერილია იმ მხრივ, რომ უამრავი პროგრამაა ჩვენს ქვეცნობიერში ჩადებული, ეს პროგრამები გვიბიძგებს ისეთი არასასურველი ქმედებებისკენ, რომლებიც თავადაც არ მოგვწონს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება შესაძლებელია, ჩემი პროფესია მაძლევს ამის საშუალებას, ამიტომ, ვთვლი, ძალიან საინტერესო და სასარგებლოა;

13. თუ ოდესმე შევხვდებოდი ფროიდს... გავაცნობდი იმ სიახლეებს, რაც მის შემდეგ დაინერგა ფსიქოლოგიაში;

14. მსოფლიოს ვეტყოდი... ყველაფერი უხვადაა და არანაირი აუცილებლობა არაა იმისა, რომ შენ კარგად იყო და სხვას პირიდან გამოგლიჯო, გადატანითი მნიშვნელობით;

15. თუ ვიქნებოდი პატიმარი... დავწერდი ბევრ წიგნს;

16. კრიტიკა... კარგია, მაგრამ სწორად უნდა იქნას მიწოდებული, არადამამცირებლად და არასაჯაროდ. ადამიანი მაშინ შეიძლება გააკრიტიკო, როცა გეკითხება აზრს, უკულტურობად მიმაჩნია, როცა არ გეკითხება და შენს შეხედულებას თავს ახვევ;

17. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ... საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული;

18. სიყვარულს არ სჭირდება... უღელის დადგმა, ვალდებულებები, მოთხოვნების წაყენება...

19. ირონია...ცინიზმი... ვფიქრობ იმ ადამიანების ხვედრია, რომლთაც აკლიათ თავდაჯერება და საკუთარი თავის სიყვარული;

20. იდეალური ოჯახი... არ არსებობს ამქვეყნად არაფერია იდეალური, შესაბამისად, არც იდეალური ოჯახი არ არსებობს. როცა ადამიანები სხვა ადამიანების სისუსტეებზე წუწუნებენ, ბრაზდებიან, ვეკითხები ხოლმე, გინდა იდეალურებთან, უცოდველებთან ურთიერთქმედება? მაშინ, ასეთები ანგელოზები არიან და უნდა გარდაიცვალო, ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, რა თქმა უნდა. ადამიანები არ არიან იდეალურები და არც მათი შექმნილი არაფერი არაა იდეალური, მათ შორის, ოჯახი;

21. შეურაცხმყოფელს სურს... რომ გამოიწვიოს შენი მღელვარება, ენერგიის ამოფრქვევა, ის იკვებება ამით, რაც შეიძლება, ნაკლები რეაქცია მსგავს სიტუაციებზე, არ მივცეთ ენერგოვამპირს საშუალება, რომ დაგვავამპიროს;

22. თუ არ მოვწონვარ... მისი არჩევანია;

23. ოდესღაც აღმოაჩენთ... ვიღაცას აკრიტიკებდით და იგივენაირად მოიქეცით თქვენც... ბევრ რამეს აღმოაჩენთ...

წყარო: moms.ge