გაოცება, გაუგებრობა, სიბრალული, დახმარების სურვილი - სწორედ ამ გრძნობებს იწვევს ჩემში ქალი, რომელსაც სახის ნაცვლად ნიღაბი აქვს. დიახ, დიახ, ნიღაბი სახის ნაცვლად-გაშეშებული, არასწორად გამოყენებული ბოტოქსისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების შედეგი, მუდამ გაოცებული ან აღშფოთებული გამომეტყველებით. მაღლა აზიდული წარბები და გელით სავსე გადმობრუნებული ტუჩებით. გიჩნდება სურვილი მიხვიდე , დაიხარო მისკენ და ყურში ჩაყვირო :

- ნორმალურ ადამიანს ნორმალურ მდგომარეობაში ასეთი წარბები არ აქვს! ადამიანებს წარბები მაღლა მაშინ ასდით, როდესაც ძალიან გაკვირვებული ან ძალიან აღშფოთებულნი არიან! რა საჭიროა სახეზე ასეთი მუდმივი გაოცებისა და აღშფოთების მიხატვა?!
თუკი დაიბადე ბუნებრივად თხელი ტუჩებით, ახლა კი მოდაში სქელი ტუჩებია, ძალიან გთხოვ, ნუ ეცდები გელის დახმარებით ტუჩები დაამსგავსო ნაომი კემპბელის ტუჩებს, ევროპეიდული რასის ადამიანს ასეთი ტუჩები ვერაფრით ექნება!
შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს! ეს სულაც არ გხდით მეტად მიმზიდველს, ახაგაზრდას ან უფრო ლამაზს, პირიქით! უაზროდ ბევრი ბოტოქსისგან და გელისგან სულაც არ ხდებით 20 წლის გოგოს მსგავსი! თქვენ ემსგავსებით პენსიაზე გასულ ქალთევზას , რომელსაც სახის ნაცვლად ნიღაბი აქვს, ტუჩები კი იხვის უკანალს მიუგავს. ასეთ ქალებს დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ერთმანეთს გვანან, როგორც ტყუპები. ასეთები გვხვდებიან ყველგან, არ გეგონო, რომ ეს რომელიმე ცალკეული ქვეყნის პრობლემაა...
ნუ იფიქრებთ რომ მე თანამედროვე კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის მიღწევების მოწინააღმდეგე ვარ! პირიქით, მივესალმები! თავადაც ვსარგებლობ ამ მიღწევებით ხშირად, მაგრამ საჭიროა ზომა-წონის დაცვა. არსებობს ძალიან წვრილი მაგრამ მნიშვნელოვანი საზღვარი იმას შორის გახდებით ძალიან მოვლილი ლედი თუ იქნებით ნიღბიანი „პენსიონერი ქალთევზა“.
ყოველი ქალი ლამაზი, მიმზიდველი და უნიკალურია სწორედ მისი განუმეორებლობის გამო. ნუ დაკარგავთ ინდივიდუალურობას და ბუნებრიობას ქალბატონებო! თუ თქვენ გაქვთ საკუთარი თავისა და გარეგნობის მიღების პრობლემა სჯობს გაიაროთ ფსიქოთერაპიის კურსი კარგ პროფესიონალთან -ეს ბევრად იაფი ჯდება და გაცილებით უსაფრთხოა. შედეგიც გაცილებით მნიშნელოვანი და დიდხნიანი იქნება. შეიყვარეთ საკუთარი თავი და შეხვდით თქვენს ასაკს ღირსეულად!
ინგა ბლესსი